მოწმე ვასილ სანოძე - „შარდენ ბარში“ სანდრო გირგვლიანი არ დამინახავს
მოწმე ვასილ სანოძე - „შარდენ ბარში“ სანდრო გირგვლიანი არ დამინახავს

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ სანოძე მოწმის სტატუსით დაიკითხა სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რაზეც დათა ახალაიას აქვს ბრალი წარდგენილი.

პროკურორის კითხვაზე, ნახა თუ არა „შარდენ ბარში“ სანდრო გირგვლიანი, ვასილ სანოძემ განაცხადა, რომ გირგვლიანი არ დაუნახავს.

ასევე მოწმემ განაცხადა, რომ „შარდენ ბარში“ სუფრის წევრებს შორის საუბარი არ ესმოდა, რადგან ბარში მუსიკა ხმამაღლა იყო ჩართული და მას შეეძლო გაეგო მხოლოდ გვერდით მსხდომთა საუბარი ან თუ სუფრაზე რაიმე გადაძახილი იქნებოდა.

„მე ტელევიზორიდან გავიგე მომხდარი ფაქტის შესახებ და ტელევიზორიდან მოვისმინე ჩემთან მიმართებაში შეფასებები“,- განაცხადა ვასილ სანოძემ.

კითხვაზე, მან როგორც შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა შეისწავლა თუ არა მომხდარი, სანოძემ განაცხადა, რომ გენინსპექცია სწავლობს ქრთამის აღების და ასევე ნარკოდანაშაულის საქმეებს და მსგავსი ტიპის საქმეების შესწავლა პროკურატურის კომპეტენცია იყო.

ასევე დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა იუსტიციის სამინისტრის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ია პაიჭაძე. პაიჭაძეს სასამართლო სხდომაზე კითხეს გირგვლიანის საქმეზე დაკავებულ პატიმრებთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზეც, სარგებლობდნენ თუ არა ისინი მობილური ტელეფონებით.

ია პაიჭაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა იმ პერიოდში დიდ პრობლემას წარმოადგენდა და მისი კომპეტენცია არ იყო პატიმრების გაჩხრეკა. ასევე მოწმემ პროკურორებს მოუწოდა ამ მობილური ტელეფონების სარგებლობაზე უსაფრთხოების სამსახურისთვის დაესვა კითხვა, რადგან ეს სწორედ მათი კომპეტენცია იყო.

დღეს დაკითხული ორივე მოწმე დაცვის მხარის მიერ იქნა მოწვეული, რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორებმა სასამართლოზე უკვე დაასრულეს მტკიცებულებების გამოკვლევა.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებას, სამსახურეობრივ სიყალბეს და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. სანდრო გირგვლიანის საქმესთან ერთად გაერთიანებულია ვამეხ აბულაშვილის თავისუფლების აღკვეთის საქმეც. ამ ეპიზოდზე დათა ახალაიას წარდგენილი აქვს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და დამამცირებელი მოპყრობა.