მოწმე აცხადებს, რომ „ტელეიმედის“ წილების გადაფორმებისას სანოტარო ბიუროში მურთაზ ზოდელავა და გიორგი ისაკაძე ნახა
მოწმე აცხადებს, რომ „ტელეიმედის“ წილების გადაფორმებისას სანოტარო ბიუროში მურთაზ ზოდელავა და გიორგი ისაკაძე ნახა

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და სამართალდამცველი უწყების ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ზაზა გელაშვილმა განაცხადა, რომ მან 6 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ამირან მესხელისგან მიიღო დავალება, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე დაცვა განეხორციელებინათ.

“ნოემბრის თვეში განსაკუთრებულ რეჟიმზე ვიყავით გადასული. 6 ნოემბერს შემეხმიანა მესხელი და მითხრა, მთაწმინდის პარკთან უნდა გამაგრებულიყვნენ დაცვის თანამშრომლები და დაცვის ქვეშ აგვეყვანა ობიექტი. რაც შეეხება საკითხის იურიდიულ მხარეს, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოაგვარებდა. დაცვის ქვეშ უნდა აგვეყვანა, რადგან გვითხრეს შესაძლოა, უკანონოდ შეჭრილი ყოფილიყვნენ პირები და საჭირო იყო დაცვა. სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზებაც მოხდა”,- განაცხადა მოწმე ზაზა გელაშვილმა.

მოწმემ დაადასტურა, რომ მათი ერთ-ერთი დავალება იქ მყოფი პირების გამოძევება იყო.

დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ აღლაძე.

მისი განცხადებით, სამხედრო პოლიციის ყოფილი ჩინოსანისგან კოტე ყიფიანისგან მისთვის მიცემული დავალების მიხედვით, 2008 წლის თებერვალში მისული იყო მარჯანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ სანოტარო ბიუროსთან, საიდანაც შემოესმა ხმაურის ხმა. თუმცა ბიუროში შესვლისას უთხრეს, რომ გარეთ დაეცადა. პროკურორის კითხვაზე, თუ ვინ ნახა ბიუროში, მოწმე ნიკოლოზ აღლაძემ განაცხადა, რომ ნახა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა და ასევე გიორგი ისაკაძე.

მოწმის განცხადებით, მხოლოდ მომხდარის მედიაში გაშუქების შემდეგ მიხვდა, რომ ამ სანოტარო ბიუროში წილების გადაფორმების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, რომელიც ერთ-ერთ ებრაელ ბიზნესმენზე გადაფორმდა.

დღევანდელ პროცესზე ასევე დაგეგმილია სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის სოფო ხორგუანის დაკითხვა.

“ტელეიმედში” შეჭრის, მთაწმინდის პარკის ჩამორთმევისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებული არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.