მიხეილ სააკაშვილი ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას „სიყალბეზე აგებულს“ უწოდებს და მიმართავს მოქალაქეებს, წინასაარჩევნოდ ფლეშმობები გააფართოონ
მიხეილ სააკაშვილი ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას „სიყალბეზე აგებულს“ უწოდებს და მიმართავს მოქალაქეებს, წინასაარჩევნოდ ფლეშმობები გააფართოონ

ჩვენ არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, არ გვჭირდება, ერთმანეთთან დავაქორწინოთ სხვადასხვა პარტია, პოლიტიკური ჯგუფი თუ პიროვნება, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ მივაღწიოთ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა მოქალაქეებს მიმართა, წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელებში ფლეშმობები გააფართოონ.

„მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, შემდეგი არჩევნები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში 1990 წლის შემდეგ. 1990 წელს კომუნისტურმა პარტიამ წააგო არჩევნები. „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ მოვიდა, სხვა ეროვნულ ძალებთან ერთად და მათ მოახერხეს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან დახსნა. ზუსტად ასეთივე გამოწვევების წინაშე ვართ დღესაც.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არჩევნებით წასვლას არსად არ აპირებენ. ისინი წავლენ, როდესაც ჩვენ ვიმოქმედებთ ერთმანეთთან შეთანხმებით. ელექტრონული საარჩევნო სისტემა, რომელიც დღესაა მიღებული, თავიდან ბოლომდე გაყალბებაზე აგებული სისტემაა. ეს არის დაახლოებით ის, რაც პუტინმა შემოიღო რუსეთში. ერთი კაცი შუშის სასახლიდან დაურეკავს თამარ ჟვანიას, რა პროცენტი უნდა დასვას. ამ სისტემის შეცვლას უნდა მივაღწიოთ ყველამ ერთად. არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, არ გვჭირდება, ერთმანეთთან დავაქორწინოთ სხვადასხვა პარტია, პოლიტიკური ჯგუფი თუ პიროვნება, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ მივაღწიოთ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი, ხმების დათვლაში პირდაპირი ჩართვა და მონაწილეობა.

ჩვენ ევროკავშირს უნდა მივმართოთ თხოვნით, სტატუსიდან გამომდინარე, გაგვიხსნან ახალი საარჩევნო უბნები, რათა ემიგრანტები მივიდნენ და მისცენ ხმა. ჩემი თხოვნით წავიდნენ ვაშაძე, ცისკარიშვილი, ბოკუჩავა და ამერიკაში ხვდებიან ხალხს, სოფო ჯაფარიძე ევროპაში ხვდებოდა ხალხს. ჩვენ გვჭირდება ათჯერ მეტი ამომრჩევლის მოყვანა საზღვარგარეთ.

დროა ასევე, რომ ქართველებმა გააგრძელონ და გააფართოვონ ფლეშმობები სოციალურ ქსელებში. დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ყველაფერს აქვს აზრი. არ არის ეს ძლიერი რეჟიმი. ამაზე ათჯერ უფრო ძლიერი რეჟიმები მოშორებულან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამას მივაღწევთ.

როცა მეკითხებიან, რატომ ჩავიგდე თავი საფრთხეში, იმიტომ, რომ ამ უბედურების გადატანა შორიდან, თუნდაც ეს ყოფილიყო საკუთარი სიცოცხლის ფასად, არ შემეძლო. ეს გრძნობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – სასოწარკვეთის განცდა, რომელიც უცხოეთში მყოფ ქართველებს გაქვთ, როცა უყურებთ ქვეყნის უბედურებას მდგომარეობას გვერდიდან. მინდა, რომ ყველამ ერთად, ეს სასოწარკვეთის განცდა გადავზარდოთ ბრძოლის და წინსვლის განცდაში, ერთიანობის განცდაში. უფ, მაინც რა აზრი აქვს პოლიტიკას, რა აზრი აქვს, ყველა ერთი იმითია – ყველა ერთი იმით არ ვართ. მე არ ვარ იმავე იმითი და არც ყველა არ უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.