მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა
მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა

მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა, – როგორც პირველი არხის ჟურნალისტი პრაღიდან იუწყება, ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

„ქონებრივ საკითხებზეც ვისაუბრეთ. მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, დადებითად გადაწყდა მოსკოვში ჩვენი საელჩოს შენობის საქართველოსათვის კუთვნილებაში გადაცემის საკითხი. ამაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენმა საგარეო უწყებამ საკმაოდ წარმატებულად დაასრულა ამ საკითხზე მუშაობა, რაც მისასალმებელია. ძალიან კარგად იმუშავა ამაზე ჩვენმა ინტერესთა სექციამ რუსეთში“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

საკითხზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც.

„წინ წავედით იმ საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც დიპლომატიურ უძრავ ქონებას ეხება. მოსკოვში ის ორი შენობა, სადაც საქართველოს საელჩო ფუნქციონირებდა და შემდეგ ინტერესების დამცველი სექცია, საქართველოს მხარეს საკუთრებაში გადაეცემა. ამისკენ დიდი ხანია მოვდიოდით. პროცესი ჯერ დასრულებული არ არის მიწასთან და სხვა პირობებთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია, რომ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. იმედი გვაქვს, რომ თბილისშიც რუსეთის ინტერესების დამცველი სექციაც მიიღებს რეკვიზიტებს შენობასა და მიწასთან დაკავშირებით. შენობების გაცვლას არ ვაპირებთ. ეს შემხვედრი პროცესია. უნდა დავარეგულიროთ ეს საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ავწონ-დავწონით, ამ საკითხებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირებას“, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.