მოსკოვში ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა
მოსკოვში ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა. როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. „ბიბისი“ წერს, რომ სავარაუდოდ აფეთქების სამიზნე ალექსანდერ დუგინი იყო, რომელიც ცნობილია როგორც „პუტინის ტვინი“.
„დუგინი, ცნობილი ულტრანაციონალისტია, რომელიც ძალიან არის დაახლოებული რუსეთის პრეზიდენტთან“,- აღნიშნულია „ბიბისის“ ინფორმაციაში.
„ბიბისი“ რუსული მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მამა-შვილი ღონისძიებას ესწრებოდნენ, საიდანაც უკან ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ბოლო წუთს, ალექსანდრ დუგინმა გადაწყვეტილება შეიცვალა და სხვა მანქანით დაბრუნდა.
სოციალური ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აფეთქების ადგილას მისული ალექსანდრ დუგინი ჩანს.
„ბიბისი“ წერს, რომ დარია დუგინა ჟურნალისტი იყო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას აქტიურად უჭერდა მხარს.
„წლის დასაწყისში ის ამერიკისა და ბრიტანეთის სასანქციო სიაში მოხვდა. მაისის დასაწყისში მან ომი „ცივილიზაციების შეჯახებად“ შეაფასა და თქვა, რომ ამაყი იყო იმით, რომ თავად და მამამსისიც სასანქციო სიაში იყვნენ. ალექსანდერ დუგინს ამერიკამ 2015 წელს, ყირიმის ანექსიაში მისი ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა“,- ნათქვამია „ბიბისის“ ინფორმაციაში.
რუსული მედიის ცნობით, გამოძიების წინასწარი დასკვნით, აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.