მოსკოვში აცხადებენ, რომ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სარჩელზე გადაწყვეტილება სტრასბურგში სავარაუდოდ წელს გამოცხადდება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, 2020 წელს მიიღოს, – ამის შესახებ რუსულ მედიას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელმა, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალპერინმა განუცხადა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დოსიეში ჯერ კიდევ არის რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივრები. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებს. დასრულდა ყველა მოსმენა და პოზიციების გაცვლა. მიმდინარე წელს შესაძლოა, იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო განჩინება“ – განაცხადა მიხაილ გალპერინმა.