Deutsche Welle - მოსკოვში 4 სექტემბერს დაგეგმილ სამიტს შესაძლოა, „თალიბანის“ წარმომადგენლებიც დაესწრონ
მოსკოვში ავღანეთის სამშვიდობო პროცესის შესახებ სამიტი 4 სექტემბერს გაიმართება, რომელსაც 12 ქვეყნის წარმომადგენელი უნდა დაესწროს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მოწვეულ მხარეებს შორის არის რადიკალური სუნიტური ორგანიზაცია „თალიბანი“, რომელიც დასავლეთის ქვეყნების, არაბული ლიგის წევრი სახელმწიფოების, რუსეთისა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
სამიტში მონაწილეობის მიღებაზე ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, უარი ავღანეთის მთავრობამ განაცხადა. ოფიციალური ქაბულის ინფორმაციით, სამშვიდობო პროცესის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნაყოფიერი, თუ სამიტს ავღანეთის მთავრობა თავად წარმართავს.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ავღანეთის მთავრობა არა როგორც ერთ-ერთი მხარე, არამედ მთავარი აქტორი უნდა იყოს. მოსკოვის სამიტზე ავღანეთის მთავრობა მხოლოდ ერთ-ერთ მხარედ განიხილება, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდის ირგვლივ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ერთად უნდა დაჯდეს“, – განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მანამდე ავღანეთის პრეზიდენტმა თალიბანს არაერთხელ მოუწოდა, ჩართულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ცეცხლის შეწყვეტის ზავს დათანხმებოდა, თუმცა ამაოდ.
Deutsche Welle-სთან საუბარში ავღანელმა პოლიტოლოგმა ვადირ საფმა განაცხადა, რომ თალიბანი მოსკოვში დაგეგმილ სამიტზე დასწრებას უფრო ადვილად დათანხმდა, ვიდრე ავღანეთის მთავრობასთან პირისპირ შეხვედრას.
„მოსკოვი დიდი ხანია თანამშრომლობს თალიბანთან. მათ ბოლოს ამის აღიარება თავადვე მოუწიათ, რადგან არაერთხელ ითქვა, რომ რუსეთი თალიბანს აფინანსებს. თალიბანი მოსკოვში დაგეგმილ სამიტზე დასწრებას უფრო ადვილად დათანხმდა, ვიდრე ავღანეთის მთავრობასთან პირისპირ შეხვედრას“, – აღნიშნა ვადირ საფმა.
2018 წლის მარტში ამერიკელმა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა ღიად განაცხადა, რომ ტერორისტულ დაჯგუფება „თალიბანს“ დღესდღეობით რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს, რადგან კრემლის მიზანია, დასავლეთის მიერ ავღანეთში დაწყებული სამშვიდობო მისია ჩაშალოს და ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ვაშინგტონში გამართულ უსაფრთხოების სამიტზე, თალიბანთან საიდუმლო გარიგებასა და ფინანსურ მხარდაჭერაში რუსეთის ფედერაციის მთავრობა ნატო-ს გენერალმა კურტის სკაპაროტიმ დაადანაშაულა.
რუსეთი ბრალდებას უარყოფს. სერგეი ლავროვმა არაერთხელ განმარტა, რომ რუსეთისთვის ტერორიზმთან ბრძოლა მთავარ პრიორიტეტად რჩება, თალიბანთან მოლაპარაკებები კი სწორედ კონტრტერორისტული სტრატეგიის ნაწილია.