მოსკოვმა დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის ხელისუფლების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და ბრიტანეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა
მოსკოვმა დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის ხელისუფლების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და ბრიტანეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრიტანელ დიპლომატს პროტესტი გამოუცხადეს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიუღებელი და ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკის გამო. ასევე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რაც უკავშირდება თითქოსდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას.
„წესიერ საზოგადოებაში ასეთი განცხადებებისთვის ბოდიშის მოხდაა მიღებული”,-ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც ვარაუდობენ, საპროტესტო ნოტა ეხება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გერმანულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას.
ბორის ჯონსონმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა „ტოქსიკური მასკულანობის გამოვლინებად“ შეაფასა.
„პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, ის არ წამოიწყებდა ამ დამპყრობლურ მაჩო-ომს”, – განაცხადა ჯონსონმა.
პუტინმა ამ განცხადებას უკვე უპასუხა და შეახსენა ჯონსონს, რომ ფოლკლენდის ომი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქალმა, მარგარეტ ტეტჩერმა წამოიწყო.
რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, რუსეთის საგარეო უწყება, სავარაუდოდ გულისხმობდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ფრაზას, რომელმაც რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერ მარია ზახაროვაზე საუბრისას თქვა, რომ „ის ყოველდღე იმუქრება ბირთვული იარაღით”.