მოსკოვის სასამართლოში ცილისწამების საქმეზე ალექსეი ნავალნის პროცესი მიმდინარეობს
მოსკოვის სასამართლოში ცილისწამების საქმეზე ალექსეი ნავალნის პროცესი მიმდინარეობს.
პროკურორის ეკატერინა ფროლოვას განცხადებით, ალექსეი ნავალნის რეპუტაციის შემლახავი ცნობების საჯარო გავრცელების მიზნით, სოციალურ ქსელებში ცილისწამების გამოქვეყნებაში ედება ბრალი.
გამოძიების ვერსიით, 2 ივნისს ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელებში გაავრცელა „რაშა თუდეის“ ვიდეორგოლი, რომელშიც მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნიმ ვიდორგოლს თან დაურთო კომენტარი, რომელიც 94 წლის ვეტერანის იგნატ არტემენკოს ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს.
ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებს მოღალატეებს უწოდებდა. ვეტერან არტემენკოს გარდა, ვიდეორგოლში მონაწილეობდნენ დიზაინერი არტემი ლებედევი, ფიგურისტი ადელინა სოტნიკოვა და მსახიობი ივან ოხლობისტინი.
ალექსეი ნავალნის დაცვა აცხადებს, რომ საქმეში არ იკვეთება დანაშაული, რადგან ოპოზიციონერმა მოსაზრება გამოთქვა, როგორც შეფასება. ადვოკატების თქმით, ცილისწამების შესახებ საქმის ერთადერთი მიზანია ნავალნის ანტიკორუფციული გამოძიებების და მისი პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა.
თავად ოპოზიციონერი საქმეს ფაბრიკაციას უწოდებს.
„ჩემს წინააღმდეგ ყოველთვის აყალბებენ საქმეებს, თუმცა ხელისუფლება დიდ პრობლემებს განიცდის, როდესაც საქმე სასამართლომდე მიდის. ყველასთვის ცნობილია, რომ სიმართლე ჩემს მხარესაა“, – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე.
ალექსეი ნავალნიმ ასევე ვეტერან იგნატ არტემენკოს ნათესავებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი მოხუცით ვაჭრობენ.