მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლა კანონიერად ცნო
მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლა კანონიერად ცნო

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლა კანონიერად ცნო.

ამასთან, სასამართლომ ნავალნის შინაპატიმრობაში გატარებული თვე-ნახევარი ჩაუთვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსს კოლონიაში გატარება ორ-ნახევარი წელი მოუწევს.

„ივ როშეს“ საქმეზე სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით 2 თებერვალს შეუცვალა. აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ჯერ კიდევ ნავალნის გერმანიიდან დაბრუნებამდე მიმართა. ამის მიზეზად უწყება ნავალნის მიერ პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ასახელებდა.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები „ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის სამ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი პირობითი სასჯელი დაუწესეს. გამოძიების ვერსიით, ალექსეი და ოლეგ ნავალნების გადამზიდავი ფირმა კომპანია „ივ როშეს” რუსულ წარმომადგენლობას ხელოვნურად გაზრდილი ფასებით უწევდა მომსახურებას, რითაც კომპანიას ასობით ათასი დოლარის ზარალი მიადგა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას „ივ როშემ“ პრეტენზიებზე უარი განაცხადა. კომპანიის რუსეთის ფილიალის ხელმძღვანელმა, ბრუნო ლეპრმა კი დაზარალებულის სტატუსით სასამართლოში გამოსვლაზე უარი თქვა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძმები ნავალნებისთვის განაჩენი უსაფუძვლოდ ცნო და რუსეთის ხელისუფლებას ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.