მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ჰოსპიტალიზებულ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ
მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ჰოსპიტალიზებულ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შემოიყვანეს, შემოწმებულები არიან. ყველა მათგანს კორონავირუსის 2019-CoV ტესტი უარყოფითი აქვს“, – განუცხადეს მედიასაშუალებას უწყებაში.
ამასთან, რუსეთის დედაქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ ტურისტს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა, ის მკურნალობას საავადმყოფოში გააგრძელებს, დანარჩენები კი გაწერეს.
მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან გუშინ ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი 20-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, რომელიც მოსკოვში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.