მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი დაამტკიცეს
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ამის მიზეზი გახდა მისი მისამართით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები და ბრალდებები, რის გამოც, როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ ბრალდებებს საბჭოს წევრის ტრიბუნიდან გასცეს პასუხი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს. კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით ამწესებს.