მოსამართლემ დონალდ ტრამპი დაპატიმრების შესახებ გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ერთხელ დაარღვევს ინფორმაციის კონფიდენციალურობის პირობას
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოსამართლე დაპატიმრებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი კიდევ ერთხელ დაარღვევს ინფორმაციის კონფიდენციალურობის პირობას. მოსამართლის თქმით, როგორც ჩანს, ტრამპს არ აკავებს 1 000-დოლარიანი ჯარიმები, რომლებიც მან პირობის დაარღვევის გამო დააკისრა.
აღნიშნული შეთანხმება ყოფილ პრეზიდენტს ნაფიც მსაჯულების, მოწმეების, მოსამართლეთა და პროკურორების ოჯახების შესახებ საჯარო კომენტარების გაკეთებას უკრძალავს.
მოსამართლის თქმით, ექსპრეზიდენტი მიზანმიმართულად განაგრძობს კონფიდენციალურობის პირობის დარღვევას, „რაც კანონის უზენაესობაზე პირდაპირი თავდასხმაა“.
სოციალურ ქსელში გამოქვენებული პოსტების გამო, დონალდ ტრამპს ამ დრომდე 9 000 დოლარის ოდენობის ჯარიმები ჰქონდა დაკისრებული. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ტრამპს კიდევ 1 000-დოლარიანი ჯარიმა დააკისრა და პატიმრობის შესახებ გააფრთხილა.
„მე არ მსურს, პატიმრობა შეგიფარდოთ და ყველაფერს ვაკეთებ ამის თავიდან ასარიდებლად, თუმცა შეგიფარდებთ, თუ აუცილებელი იქნება. ბატონო ტრამპ, მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რომ ყველაზე ნაკლებად თქვენი ციხეში ჩასმა მსურს. თქვენ შეერთებული შტატების ყოფილი და, შესაძლოა, მომავალი პრეზიდენტიც ხართ“, – მიმართა დონალდ ტრამპს მოსამართლე ხუან მერჩანმა.
პროცესზე ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მას ბრალად ედება პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარის ოდენობით თანხის გადახდა და აღნიშნული თანხის ადმინისტრაციულ ხარჯებში გატარება.