მოსამართლე ილონა თოდუა აცხადებს, რომ მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კანონით მისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, მოსამართლის დისკრედიტაციას ეწევა, – ასე ეხმაურება მოსამართლე ილონა თოდუა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ აქვს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა.
ილონა თოდუას განცხადებით, ცილისმწამებლური კამპანია მიზნად ისახავს მისი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის დისკრედიტაციას.
„მოგახსენებთ, რომ წარმოვადგენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. 1999 წელს დევნილობის საწყის და უმძიმეს პერიოდში, ჩემი მშობლების უმძიმესი შრომისა და გარჯის შედეგად, შეძენილ იქნა ქ. თბილისში, მე-8 ლეგიონის დასახლებაში ოროთახიანი (ხრუშოვკის) ტიპის 49 კვ.მ. ბინა, რომელიც ჩემს საკუთრებად დარეგისტრირდა, ვინაიდან სხვა შვილი ჩემს მშობლებს არ ჰყავთ. საგულისხმოა, რომ 1999 წელს ვიყავი სტუდენტი და არათუ უძრავი ქონების შეძენის, არამედ, რაიმე ტიპის საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის შესაძლებლობაც არ გამაჩნდა, რადგან სრულად ვიყავი დამოკიდებული ჩემს მშობლებზე, ვიმყოფებოდი მათ კმაყოფაზე და აღნიშნული უძრავი ქონების შეძენისას არცერთი თეთრით ჩემი მშობლებისათვის დახმარების გაწევა არ შემეძლო.
აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ბინის შეძენის დღიდან იგი წარმოადგენდა ჩემი და ჩემი ოჯახის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს და მასში ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ ჩემი დევნილი ნათესავები – ბიძაშვილები. ოჯახის შექმნის შემდგომ, რადგან ჩემს მშობლებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მათი გარჯით შეძენილი, თუმცა საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება დამებრუნებინა ჩემი მშობლებისათვის და მე ჩემს მეუღლესთან ერთად (რომელსაც ასევე საკუთრებაში არ გააჩნია არანაირი უძრავი ქონება) გადავსულიყავი ქირით საცხოვრებლად. მე და ჩემს მეუღლეს ჩემს ე.წ. „საკუთრებაში არსებულ ბინაში“ ერთი დღეც არ გვიცხოვრია. (აღნიშნულს ადასტურებს ჩემსა და ბინის მესაკუთრეთა შორის გაფორმებული საცხოვრებელი ბინის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულებები და საბანკო ანგარიშები იუსტიციის საბჭოს მიერ ბინის მესაკუთრეზე თანხის ანგარიშსწორების თაობაზე). აქვე მოგახსენებთ, რომ მე და ჩემი მეუღლე ქირით ვცხოვრობდით ჯერ გლდანის მე-6 მკ.რნ-ში, შემდეგ მე-3 მკ.რნ-ში. ამ პერიოდში, ვინაიდან უკვე ვიყავი მოსამართლე და არ გამაჩნდა საკუთარი საცხოვრებელი, მივმართე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, რომელმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უზრუნველყო ჩემთვის საცხოვრებელი ფართის ქირავნობის საფასურის ნაწილის გადახდა( თანხის ნაწილს ვიხდიდი თავად).
აღსანიშნავია, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, დაუყოვნებლივ ვაცნობე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტს, რათა შეწყვეტილიყო ჩემთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავების თანხის გადახდა და ასევე, დაუყოვნებლივ დავაბრუნე ჩემთვის სამსახურეობრივად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალება. აქვე მოგახსენებთ, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, მოსამართლედ ხელახლა გამწესებამდე და გამწესების შემდგომ, ჩემივე ხარჯით (ქირით) გავაგრძელე ცხოვრება ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად დაქირავებულ ბინაში, საკუთარი საცხოვრებელი ბინის შეძენა კი მოვახერხე მხოლოდ 2018 წლის ნოემბერში, საბანკო კრედიტის დახმარებით.
სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კანონით მისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, მოსამართლის დისკრედიტაციას ეწევა მიუღებელი ფორმით. ზემოაღნიშნული ცილისმწამებლური კამპანია, ჩემი მოსაზრებით, მიზნად მხოლოდ ერთ რამეს, ჩემი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის დისკრედიტაციას ისახავს.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწვდი ჩემს მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს“, – აღნიშნულია ილონა თოდუას განცხადებაში.