ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლე ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედამისს გადაუფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა
ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლე ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედამისს გადაუფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დეპუტატებს ილონა თოდუას შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით მას აქვს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ადასრტურებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრმა, ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა.

„50 კაციან სიაში მოხვდა მოსამართლე ილონა თოდუა. მოსამართლე ილონა თოდუას საკითხი, სწორად რომ შეესწავლათ და ვინმეს მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება, ის ამ სიაში ვერ მოხვდებოდა. ღია წყაროებზე დაყრდნობით გესაუბრებით მე ამის შესახებ.

​იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლეს, რომელსაც იმ ქალაქში, სადაც ის მუშაობს და არ აქვს სახლი, საბჭო უხდის საცხოვრებელი ბინის ქირის საფასურს. ეს არის ნორმალური, თუ მართლაც იმ ადამიანს იმ ქალაქში არ აქვს სახლი.

ილონა თოდუა თბილისში მრავალი წელია მუშაობს, 2007 წლიდან. 2007 წლის შემდეგ, მას ბინის ქირის საფასური არ მოუთხოვია. წლების განმავლობაში იგი იყო საბჭოს წევრი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2014 წლის 17 თებერვალს შემოდის მისი განცხადება და ილონა თოდუა ითხოვს, რომ ამინაზღაურეთ აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები. ამის მოთხოვნის საფუძველი ჰქონდა მას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მასზე არ იქნებოდა რეგისტრირებული უძრავი ქონება. ეს არის 17 თებერვლის დოკუმენტი. იმავე დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს ლევან მურუსიძე (მაშინ ლევან მურუსიძე იყო მდივანი) და ამბობს რომ ილონა თოდუას გადაეცეს საცხოვრებელი ქირისთვის შესაბამისი ანაზღაურება.

ყველაზე საინტერესო დეტალი ამ შემთხვევაში გახლავთ შემდეგი, 2014 წლის 12 თებერვალს გაფორმებულია ჩუქების ხელშეკრულება და ილონა თოდუამ ამ დოკუმენტით ( თქვენ შეგიძლიათ საჯარო რეესტრში ახლავე შეამოწმოთ) ბინა აჩუქა დედამისს. ანუ დედამისს ბინა აჩუქა 12 თებერვალს და ზუსტად 5 დღეში ის იღებს ქირის საფასურს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და ეს ადამიანი დღეს არის ამ 50 კაციან სიაში. ამ საკითხის შესწავლა რა თქმა უნდა არ მომხდარა. არც გამოძიება დაწყებულა, არც არავინ დაინტერესებულა არის თუ არა ეს რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. მე ასევე მივიღე საერთო სასამართლოების დეპარტამენტისაგან ინფორმაცია, რომ იგი იღებდა აი ამ ანაზღაურებას ქირისთვის დაახლოებით 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს რომ დავიანგარიშე დაახლოებით არის 20 ათასი ლარი ჯამში“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილის თქმით, ილონა თოდუას საკითხს სჭირდება შესაბამისი შესწავლა.