მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა
უახლოეს დღეებში, 2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, იცვლება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების დრო. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისთვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება, შესაბამისად, 4 და 5 ივლისს, დილით.
„აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).
5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).
იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.
აღნიშნული ცვლილებები აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა“, – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.