მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მისთვის სასურველი, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანაში.
აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.