მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

10:12, 13.03.2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მისთვის სასურველი, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანაში.

აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

მსგავსი