„მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი - აუცილებელია, გადაიხედოს იმ პენსიონერთა სია, რომელთაც უკვე აღებული აქვთ სესხი და შეღავათი ძველ სესხებზეც გავრცელდეს, ამაზე ვმუშაობთ
„მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი - აუცილებელია, გადაიხედოს იმ პენსიონერთა სია, რომელთაც უკვე აღებული აქვთ სესხი და შეღავათი ძველ სესხებზეც გავრცელდეს, ამაზე ვმუშაობთ

პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივნის, ქეთი თურაზაშვილის განცხადებით, საპენსიო სესხებზე პროცენტის დაწევა შეღავათი იქნება პენსიონრებისთვის, რომლებიც იანვრიდან სესხის აღებას გადაწყვეტენ.

მისივე თქმით, დღემდე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ შემცირებული პროცენტი ძველ სესხებზე არ ვრცელდება. როგორც ქეთი თურაზაშვილი ამბობს, კვლავ თუ იქნება ნება ხელისუფლების, საბანკო სექტორის მხრიდან, პრობლემის მოგვარება ამ კუთხითაც იქნება შესაძლებელი.

„დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ საკითხზე მუშაობა, რადგან პენსიონერების მხრიდან იყო ძალიან დიდი მომართვიანობა. ისინი წუხდნენ ძალიან მაღალ პროცენტზე, რისი გადახდაც მათ საპენსიო სესხებზე უწევდათ. ვფიქრობ, ეს იქნება შეღავათი იმ პენსიონერებისთვის, ვინც იანვრიდან გადაწყვეტს სესხის აღებას, მაგრამ დიდ პრობლემას ვაწყდებით იმ პენსიონერებთან მიმართებით, რომელთაც უკვე აქვთ საპენსიო სესხი აღებული მაღალ პროცენტში და ამ სესხის გადახდა ძალიან უჭირთ. გარდა ამისა, ბევრ პენსიონერს სესხი აღებული აქვს ოვერდრაფტის ფორმით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სესხს ძირი არ აკლდება. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. იხდიან ყოველთვიურად, ზოგი – 75 ლარს, ზოგი – 85-ს, გააჩნია თანხის მოცულობას, მაგრამ ძირი არ აკლდება და ეს მათთვის შემაშფოთებელია. ძირითადი ნაწილი წუხს იმაზე, რომ ვერასოდეს დაფარავს ოვერდრაფტს, რადგან ერთიანი თანხა არ ექნებათ და მუდმივად მოუწევთ სესხის ხდა. ეს მათთვის ნამდვილად ძალიან მძიმეა და ბევრი ჩემთან პირად საუბარში ამბობდა, რომ გამოდის, ისე მივდივარ ამ ქვეყნიდან, სესხი უნდა გამყვესო. ეს ემოციურად მძიმეა. რასაც მივაღწიეთ, რომ საპენსიო სესხებზე ზედა ზღვარი არის  26%, ეს თანამშრომლობის, მუშაობის, აქტიური ჩართულობის შედეგად მოხდა. ვფიქრობ, ისევ თუ იქნება ნება იმავე ხელისუფლების, საბანკო სექტორის მხრიდან, შეგვიძლია, ეს დავძლიოთ და ადამიანებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ იმით, რომ სესხები გადაიხედოს. გადაიხედოს ოვერდრაფტები, გადაკეთდეს ჩვეულებრივ სესხებად და პენსიონერებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, დაფარვის საშუალება მივცეთ.

ვფიქრობ, ბანკის ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობაა, თუ კარგად არ აუხსნიან პენსიონერებს, კლიენტებს, რა საფრთხეებია იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ დაფარავენ სესხს. ჩვენ გვყავს პენსიონერები, რომლებსაც მხედველობის პრობლემები, სმენის პრობლემები აქვთ. ბანკის ოპერატორებმა ძალიან კარგად უნდა აუხსნან, რასთან აქვთ საქმე, რა იფარება, როგორ იფარება, ძირი იფარება თუ თავი იფარება. ამ ყველაფრის პასუხისმგებლობა ბანკზეა“, – განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

ამასთან თურაზაშვილმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა მზაობა ბანკის მხრიდან, რომ პენსიონერებს კომუნალურის საკომისიოს გადახდა არ უწევდეს.

„იანვრის ბოლოს მოუწევთ კომუნალურების გადახდა და ამას გავიგებთ მაშინ, როდესაც მათ ჩამოეჭრებათ ან არ ჩამოეჭრებათ კომუნალურის საკომისიო პროცენტი. ამაზე და ოვერდრაფტებთან დაკავშირებით გაგზავნილი მაქვს წერილები „ლიბერთი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკში. ველოდები პასუხებს. სასურველი და აუცილებელია, რომ გადაიხედოს იმ პენსიონერთა სია, რომელთაც უკვე აღებული ჰქონდათ სესხი. რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, ძალიან ცოტა პენსიონერია, ვისაც საპენსიო სესხი სჭირდება და უკვე აღებული არ აქვს. აქედან გამომდინარე, რეალურად, შეღავათად რომ ჩაითვალოს 26%, ის აუცილებლად უნდა გავრცელდეს უკვე აღებულ სესხებზე და ამაზე ვმუშაობთ.

არსებობს რამდენიმე შემთხვევა და პრეცედენტი, რომ პენსიონერს მიუმართავს „ლიბერთი ბანკისთვის“ და „ლიბერთი ბანკს“ გადაუხედავს პირობებისთვის. დაუწევია პროცენტი, ზოგისთვის ოვერდრაფტი გადაუკეთებია ჩვეულებრივ სესხად და ეს ადამიანები უკვე ახერხებენ სესხის დასრულებას, მაგრამ ეს არ ხდება მასობრივად. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვინც მიმართა, რატომღაც ყველას უარს ეუბნებიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს გადაიხედება, შეიცვლება და რეკომენდაციაც იქნება სხვანაირი ეროვნული ბანკისგან, ასევე მთავრობა ჩაერთვება. ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას. იმედი მაქვს, შემხვედრი ნაბიჯები იქნება და საერთო გადაწყვეტილებით ისევ მივაღწევთ უკეთესობას“, – განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.