მოქალაქეები თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ
თბილისში, ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს.
როგორც დღეს გამართულ აქციაზე N85 კორპუსის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, დაახლოებით ორი წლის წინ, კორპუსის უკან მდებარე კლდის მოჭრისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა გაიცა. რამდენიმე დღის წინ კი, ადგილზე შემოღობვის სამუშაოების წარმოებისას კლდე ჩამოიშალა. ისინი ვარაუდობენ, რომ უშუალოდ სახლის მშენებლობა მეწყრულ პროცესებს გამოიწვევს, რაც თავიანთი კორპუსის გარდა, საფრთხეს N1 ექსპერიმენტულ სკოლასაც უქმნის, რომელიც ამავე კლდეზე მდებარეობს.
მოქალაქეები მერიისგან მშენებლობის ნებართვის გაუქმებას მოითხოვენ.