მოქალაქე ნოდარ ლიპარტელიანი „თიბისი ბანკს“ და კონკრეტულად ვახტანგ ბუცხრიკიძეს ხელმოწერის გაყალბებაში ადანაშაულებს
მოქალაქე ნოდარ ლიპარტელიანი „თიბისი ბანკს“ და ბანკის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძეს ხელმოწერის გაყალბებაში ადანაშაულებს.
ლიპარტელიანი პარლამენტში მივიდა, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე „თიბისი ბანკის“ აქციონერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.
„თიბისი ბანკში“ ვახტანგ ბუცხრიკიძემ ხელმოწერა გამიყალბა. კრედიტი მქონდა, ხელმოწერა გააყალბეს და 1 610 000 ლარი ჩემს მაგივრად მშენებელს, მიხეილ ელიზბარაშვილს გამოატანინეს. ელიზბარაშვილი ვახტანგ ბუცხრიკიძის ჯგუფელია. დაზარალებულად ცნობილი ვარ და სამართალს დღემდე ვერ მივაღწიე.
ბანკში 500-ჯერ მივედი იმის გასარკვევად, მის მაგივრად ხელი როგორ მოაწერეს. ჩვენ სესხი გამოტანილი გვქონდა, მაგრამ რეფინანსირება გაგვაკეთებინეს, ჩემს მაგივრად მოაწერეს ხელი და თანხა გამოიტანეს. ეს მოხდა 2008 წლის 30 სექტემბერს და ამ დროიდან მოვსდევ ამ ამბავს. სასამართლოს მივმართე, მაგრამ „თიბისი ბანკთან“ რომელი სასამართლო მომაგებინებს. სვანური სამართლით გავასამართლებ ვახტანგ ბუცხრიკიძეს.
ჩემი ძმა ბესიკ ლიპარტელიანია. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და მამუკა ხაზარაძის შვილის ნათლიაა“,- განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ლიპარტელიანმა.
ამ საკითხზე კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ნოდარ ლიპარტელიანმა მამუკა ხაზარაძეს პასუხი მოსთხოვა, ხაზარაძემ კი ლიპარტელიანს პროვოკატორი უწოდა.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში „თიბისი ბანკის“ აქციონერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.