მოქალაქე ნათია შავაძეს, რომელიც თურქ მებაჟეებს უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებს, ხვალ თურქეთის გენერალურ საკონსულოში შეხვდებიან
მოქალაქე ნათია შავაძეს, რომელიც თურქ მებაჟეებს უხეშ მოპყრობასა და საზღვრის კვეთის უსაფუძვლო შეზღუდვაში ადანაშაულებს, ხვალ თურქეთის გენერალურ საკონსულოში შეხვდებიან და მისგან დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ.
ბათუმელი ნათია შავაძე, რომელიც სარფის გავლით თურქეთში გადასვლას ცდილობდა, ამბობს, რომ თურქმა მებაჟემ მას პასპორტში გაურკვეველი მოტივით საზღვრის კვეთის ამკრძალავი ბეჭდები დაუსვა, შავაძის თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, რის გამოც იძულებული გახდა, უკან გამობრუნებულიყო.
„მაჯებზე მექაჩებოდნენ და ცდილობდნენ პასპორტის გამორთმევას. ვეკითხებოდი, რისთვის მთხოვდნენ პასპორტს, რა გავაკეთე არასწორი-მეთქი. ისინი თურქულად საუბრობდნენ და ვერ გავიგე, რას განიხილავდნენ. გასაგებია, რომ წითელი ხალიჩის დაგების ვალდებულება არ აქვთ მესაზღვრეებს, მაგრამ არც იმის უფლება აქვთ, სახეში მესროლონ პასპორტი და მერე ხელები გადამიგრიხონ. ვფიქრობ, მებაჟეც ვალდებულია ცოტა მეტი პატივისცემით მოექცეს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნათია შავაძემ.
როგორც ნათია შავაძე ამბობს, ის ხვალ გენერალურ საკონსულოს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. მას პირადად დაურეკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და შესაბამისი რეაგირების პირობა მისცა.
შავაძე მებაჟეებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ბოლო პერიოდში თურქი მებაჟეების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე ინფორმაცია რამდენიმე მოქალაქემ გაავრცელა.