მოქალაქე ირაკლი ბაღათურიამ დიდუბის რაიონის გამგებლის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა
მოქალაქე ირაკლი ბაღათურია, რომელიც თბილისში, თევდორე მღვდლის 13 ნომერში ცხოვრობს, დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მან გამგებლის წინააღმდეგ დღეს დიღმის პოლიციის სამმართველოში საჩივარიც შეიტანა.
ბაღათურია ამბობს, რომ თევდორე მღვდლის 13 ნომერში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ფართების დაკანონებას ითხოვენ. ის ჰყვება, რომ ორი დღის წინ გამგეობაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და გამგებელს შეხვდა. მისივე თქმით, ზავრადაშვილს ბინების დაკანონების საკითხზე დაუსვა კითხვები, რაზეც გამგებელმა პასუხი ვერ გასცა და განერვიულებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სილა გააწნა, ამ ფაქტს კი, მისი მეუღლეც ესწრებოდა.
აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ლალი ჭელიძე. ის მოქალაქეს მოუწოდებს, პოლიციას მიმართოს და ასევე, სიმართლის დასამტკიცებლად კამერების ჩანაწერები ამოიღონ.
ამასთან, ბაღათურიამ უკვე დატოვა პოლიციის სამმართველოს შენობა. როგორც მან აღნიშნა, გამომძიებლებთან დეტალურად აღწერა მომხდარი. მოქალაქე საქმეში სახალხო დამცველის ჩართვასაც ითხოვს. ის ზავრადაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, დიდუბის გამგეობასთან აქციას განაგრძობს.