მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ „გირჩის“ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია
საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ სარჩელი, რომლითაც ის მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო რეგულაციების შემოღების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, დაუსაბუთებელია, – ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელი ქეთევან კრაწაშვილი აცხადებს, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც მეორე კოლეგია სარჩელს არსებითად განიხილავს, მოპასუხე მხარეა.
კრაწაშვილი ამბობს, რომ მთავრობის 180-ე დადგენილება სრულად შეესაბამება კონსტიტუციას. ის მიიჩნევს, რომ მოსარჩელე საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს კარგად არ იცნობს.
„მოსარჩელის არგუმენტაცია მიუთითებს იმაზე, რომ ეს მხარე არ იცნობს სათანადოდ იმ სამართლებრივ არქიტექტურას, რომელიც საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედებს. გარდა ამისა, არ იცნობს დეკრეტის შინაარსს, რომელიც ძალიან კონკრეტულია, შესაბამისი ფარგლებით არის შეზღუდული მთავრობის ყველა მოქმედება, რომელიც მთავრობის მიერ არის გასახორციელებელი, ასევე არ იცნობს შესაბამის კანონმდელობას, რომელიც მხოლოდ დეკრეტით არ სრულდება საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი დაუსაბუთებელია“, – აცხადებს ქეთევან კრაწაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს „გირჩის“ სარჩელს მთავრობის წინააღმდეგ, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი მარნეულსა და ბოლნისში საგანგებო სიტუაციის დროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ჩაკეტვა. პროცესს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ესწრება.