მონტროს კონვენციასთან დაკავშირებით მთავრობის კრიტიკის გამო, თურქეთში ათი გადამდგარი ადმირალი დააკავეს
მონტროს კონვენციასთან დაკავშირებით მთავრობის კრიტიკის გამო, თურქეთში ათი გადამდგარი ადმირალი დააკავეს. თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 100-ზე მეტი გადამდგარი ოფიცრის ღია წერილი ქვეყნის მთავრობამ მკაცრად გააკრიტიკა და წარსულის სამხედრო გადატრიალებებს დაუკავშირა.
პროკურორებმა დაკითხვაზე კიდევ ოთხი ყოფილი სამხედრო დაიბარეს. ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსნებს „კონსტიტუციური წესრიგის დასამხობად ძალის გამოყენებაში და ძალადობაში“ ადანაშაულებენ.
თურქი პროკურორების მტკიცებით, წერილის შექმნის ორგანიზება სწორედ იმ ყოფილმა სამხედროებმა მოახდინეს, რომლებიც დაკავებული და დაკითხვაზე დაბარებული არიან.
გასულ თვეში სტამბოლის ახალი არხის მშენებლობის დაწყებამ, 1936 წლის მონტროს კონვენციაზე დებატები გამოიწვია. გადამდგარი სამხედროების ღია წერილის თანახმად, სამწუხაროა კონვენციის საკითხის დებატებზე გატანა, რადგან შეთანხმება თურქეთის ინტერესებს საუკეთესოდ იცავს.
მონტროს კონვენცია უზრუნველყოფს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების თავისუფალ ზღვაოსნობას მშვიდობის და ომის დროს სამოქალაქო დანიშნულების გემებისთვის. ხელშეკრულება ასევე არეგულირებს სრუტეების გამოყენებას იმ ქვეყნების სამხედრო გემების მიერ, რომლებიც შავი ზღვის აუზის ქვეყნები არ არიან.
თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა რამაზან გურდენიზი, რომელიც თურქეთის ახალი საზღვაო დოქტრინის, „ლურჯი სამშობლოს“ ერთ-ერთი ავტორია.
აღნიშნული დოქტრინა განსაკუთრებით ცნობილი გახდა, განსაკუთრებით საბერძნეთთან დაძაბულობის დროს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის უფლებებთან დაკავშირებით.
თურქეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ქვეყნის მიერ სტამბოლის კონვენციის დატოვების შემდეგ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთას ეხება, აქტუალური გახდა საკითხი, შეეძლო თუ არა თურქეთს სხვა საერთაშორისო შეთანხმებიდან იმავე გზით გასვლა. სატელევიზიო ინტერვიუში, პარლამენტის სპიკერმა მუსტაფა შენტოპმა თქვა, რომ ტექნიკურად ეს შესაძლებელია და მაგალითი მონტროს კონვენციას დაკავშირებით მოიყვანა. გადამდგარმა სამხედროებმა წერილი სწორედ ამის შემდეგ გაავრცელეს.