რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ამჟამად თურქეთი არ აპირებს მონტროს კონვენციიდან გასვლას, თუმცა მომავალში ამის საჭიროება თუ დადგება, თავს არ შევიკავებთ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ამჟამად თურქეთი არ აპირებს მონტროს კონვენციიდან გასვლას, თუმცა მომავალში ამის საჭიროება თუ დადგება, თავს არ შევიკავებთ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამჟამად თურქეთი არ აპირებს მონტროს კონვენციიდან გასვლას, თუმცა ამის საჭიროება მომავალში თუ დადგება, თურქეთის მთავრობა გადახედავს ნებისმიერ კონტრაქტს, რომ ქვეყანას მეტი კეთილდღეობა მოუტანოს.

ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთში დააკავეს 10 გადამდგარი ადმირალი. დაპატიმრებული სამხედრო მაღალჩინოსნები ხელს აწერდნენ ღია წერილს, რომელშიც ისინი მონტროს კონვენციის მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს.

წერილში მონტროს კონვენცია ნახსენები იყო თურქეთის ხელისუფლების ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის კონტექტსში. კერძოდ, თურქეთის მთავრობა სტამბოლის არხის გაჭრას აპირებს, რომელიც შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს.

სიტყვით გამოსვლაში თურქეთის პრეზიდენტმა მონტროს კონვენციისა და სტამბოლის არხის დაკავშირებას შეცდომა უწოდა.

„სტამბოლის არხის პროექტი მიმართულია ბოსფორის სრუტეზე თურქეთის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ. ისინი, ვინც ამ პროექტის წინააღმდე გამოდის, თურქეთის რესპუბლიკის და მისი დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის მტრები არიან“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გადამდგარი ადმირლების წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს სიტყვის თავისუფლებად, რადგან ის გადატრიალების საფრთხეს შეიცავს.

მონტროს კონვენცია უზრუნველყოფს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების თავისუფალ ზღვაოსნობას მშვიდობის და ომის დროს სამოქალაქო დანიშნულების გემებისთვის. ხელშეკრულება ასევე არეგულირებს სრუტეების გამოყენებას იმ ქვეყნების სამხედრო გემების მიერ, რომლებიც შავი ზღვის აუზის ქვეყნები არ არიან.