მონტენეგროში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს თავს დაესხნენ
მონტენეგროში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს თავს დაესხნენ. გამოცემა Vijesti-ს თანამშრომელს ოლივერა ლაკიჩს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად გამოცემა ავრცელებს. თავდასხმა პოდგორიცაში, ჟურნალისტის სახლის მახლობლად იმავე ადგილას მოხდა, სადაც ექვსი წლის წინ ლაკიჩს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როდესაც დაჭრილი ქალი ძირს დაეცა მან დაინახა, რომ შემთხვევის ადგილიდან ორი მამაკაცი გარბოდა.
ამჟამად ოლივერა ლაკიჩის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოში იმყოფება.
პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთ თავდამსხმელი ქალს ჯერ კიდევ გამოცემის რედაქციიდან უთვალთვალებდა. სამართალდამცავები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, დამნაშავეების დასაკავებლად.
ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმო მონტენეგროს ხელისუფლებამ. პრემიერ-მინისტრმა დუშკო მარკოვიჩმა მომხდარის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მოითხოვა.
ბოლო პერიოდში ლაკიჩი სიგარეტის კონტრაბანდასთან პოლიციისა და მონტენეგროს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს კავშირის შესახებ წერდა.