მონტენეგროს პრემიერი - გვსურს, ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ მისწრაფებას, რომელიც აქვს საქართველოსაც, რომელსაც უნდა, გახდეს ევროკავშირის წევრი, ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი პრინციპი
მონტენეგროს პრემიერი - გვსურს, ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ მისწრაფებას, რომელიც აქვს საქართველოსაც, რომელსაც უნდა, გახდეს ევროკავშირის წევრი, ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი პრინციპი

ჩვენი ქვეყანაც საკმაოდ მკაფიო საგარეო პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი მიზანიც ნათელია, რომ გავხდეთ ევროკავშირის პირველი ახალი წევრი. ამ კუთხით, გვინდა, ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ მისწრაფებას, რომელიც ასევე აქვს სხვა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, რომელსაც უნდა, გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე სხვა ქვეყნებსაც, – ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დრიტან აბაზოვიჩმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი პრინციპი.

„ქვეყნებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება და რომელ გაერთიანებაში უნდათ შესვლა, მაგრამ პრობლემა არ უნდა შეუქმნან სხვას, ეს არის მთავარი პრინციპი“, – განაცხადა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა.

მონტენეგროს პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყანა საქართველოს უყურებს, როგორც კარგ მაგალითს და ამბობს, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორში კარგი შედეგები აქვს.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს მთავრობას ამ ღონისძიებას. ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც კარგ მაგალითს და თვალს ვადევნებთ, რას აკეთებს საქართველო ტურიზმის სექტორში. ძალიან, ძალიან კარგი შედეგებია, ძალინ კარგი მარკეტინგი ხორციელდება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ასე შეგვიძლია ჩვენ პრობლემების გადაჭრა. ერთად უნდა დავსხდეთ და ძალიან მიხარია, რომ მოვუსმინეთ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, რომ ასე ღიად საუბრობდნენ პროექტზე, როგორიც არის ინფრასტრუქტურული პროექტი, ნაწილი იმ ინფრასტრუქტურისა, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ერთად ავაშენოთ. გზები არის იმისათვის, რომ ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ინვესტიციას, ჩინური იქნება თუ იაპონური, საუდის არაბეთიდან მოდის თუ სხვა ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია, რომ იქნება პროექტი, განხორციელდება პროექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ადამიანები მოიხმარენ აეროპორტი იქნება ეს თუ საზღვაო პორტი, რათა ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ასევე, უფრო მეტ სტაბილურობას და მშვიდობას შესძენენ სხვადასხვა ქვეყანას. სწორედ ამ სულისკვეთებით, კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის. მონტენეგროს სახით თქვენ ნამდვილი, ჭეშმარიტი პარტნიორი და მეგობარი გყავთ ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც კი კარგ იდეას ეხება. სავარაუდოდ, რაღაც დროის შემდეგ ჩვენც შევძლებთ მსგავსი ღონისძიების ორგანიზებას ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყველა თქვენგანს გულითადად გეპატიჟებით“, – განაცხადა მონტენეგროს პრემიერმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მონტენეგროს პრემიერთან ერთად, ფორუმში მონაწილეობენ ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები.