„მონოლითი ჯგუფის“ დამფუძნებელი - მშენებლობის ნებართვების გაცემის გამკაცრებას და კონტროლს მივესალმები
მშენებლობის ნებართვების გაცემის გამკაცრებას და კონტროლს მივესალმები, – ამის შესახებ „მონოლითი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა იჩქიტიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმ კანონმდებლობაში, რასაც საკრებულო მიიღებს და მერია დაამტკიცებს, თუ წარდგენილი პროექტის გატანას, დამტკიცებას ადვილად შევძლებთ და კორიდორებში არ გავიხლართებით, ახალი რეგულაციებით დაკისრებული ვალდებულებები, რომლის მიხედვითაც კომპანიებს მათ მიერ აშენებული სახლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების ვალდებულება ექნებათ, არც სასწაულ ხარჯებს დაუკავშირდება და არც პროექტს გააძვირებს, რადგან ამის გაკეთება ძალიან იაფი ჯდება“, – განაცხადა იჩქიტიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად, ხელის სხვისკენ გაშვერა ხდება, მაგრამ სინამდვილეში, მოსახლეობა თავადაც ხშირად სცოდავს.
„ადამიანი რომ მიდიხარ და კორპუსში ბინას ყიდულობ, სადაც სადარბაზოს კარს გააღებ და პირდაპირ გზაზე აღმოჩნდები, მერე მერიას მიადგები და იტყვი, რომ გვერდით კორპუსი შენდება, გეფარება და ამიტომ ნუღარ ააშენებინებთო, თავის დროზე შენი კორპუსიც ხომ ჩამოეფარა დანარჩენ ოთხ კორპუსს?! როცა ბინას ყიდულობ, მაშინ სად ხარ და ამაზე რატომ არ ფიქრობ?!“, – განაცხადა იჩქიტიძემ.
მისი თქმით, ყველაფერი, რის ინიცირებასაც მერია ახდენს, მისაღებია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ნარგავების შემდგომი მოვლა-პატრონობა სამშენებლო ბიზნესს არ დაეკისრება.
„ნუ უბიძგებთ სამშენებლო კომპანიას, ააშენოს, გაამწვანოს, გადასახადი პირნათლად გადაიხადოს, მერე კი ადგეს და კომპანია დახუროს, კარები გაიხუროს და აღარც ხეს მოუაროს და აღარც ეზოს. თუ სამი წელიწადის განმავლობაში ჩემს მიერ გამწვანებული ტერიტორიის მოვლა-პატრონობა დამევალება და ამ ხნის განმავლობაში თუ იქ ცოცხით უნდა ვირბინო, ეს რა გამოვა?! მე არანაირი აგრონომიული გამოცდილება არ გამაჩნია. ე.ი. აგრონომი, მებაღე და შესაბამისი პერსონალი უნდა ავიყვანო. მომწონს, რომ გამწვანება და ლამაზი ეზო უნდა მოვაწყოთ, მაგრამ ნარგავების შემდეგი 3 წლით მოვლა-პატრონობის საკითხი ნამდვილად მაშინებს“, – განაცხადა ზაზა იჩქიტიძემ.