მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ადმინისტრაცია ახალ პროექტს - „კეთილი განწყობით“ იწყებს
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი – „კეთილი განწყობით“ წარმოადგინა. მასტიმულირებელი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა სოციალურ ქსელებსა და გარე სარეკლამო სივრცეებში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამისთვის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, რათა ტურიზმის ინდუსტრიის მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და მომხმარებელთა მოტივაცია ამაღლდეს კეთილი განწყობის გაზიარების თვალსაზრისით.
კამპანია გათვლილია როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანზე, ასევე მომხმარებელზე და შემდეგ აქტივობებს მოიცავს: დამზადდა კამპანიის სარეკლამო სტიკერები, როგორც პროექტის დასახელებით „კეთილი განწყობით“, ასევე ქვესლოგანების გამოყენებით: #გაუღიმებარმენს, #გაუღიმეგამცილებელს, #გაუღიმეგიდს და სხვა; მომზადდა კამპანია „კეთილი განწყობით“ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდება; შეიქმნა კამპანიის ფეისბუქგვერდი, რომელიც ინტერაქციული ხასიათისაა. გვერდის მეშვეობით მოხდება: ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული პროფესიების პოპულარიზაცია; მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და მომხმარებელთა მოტივაცია კეთილი განწყობის გასაზიარებლად; მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების წარმატებული ისტორიების წარმოჩენა; გაიმართება მომსახურების სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და სხვა.
ტურიზმის სფეროში არსებული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქში არსებულ მეტროსადგურებსა და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსდება სარეკლამო ბანერები, რომლებზეც წარმოდგენილნი იქნებიან ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები (მიმტანი, სასტუმროს დიასახლისი, გიდი და სხვა).
ამასთან, კამპანიის ფარგლებში, თბილისში, ტურისტულად დატვირთულ ადგილას მოეწყობა ღიმილის კედელი. კედელზე გაიკვრება როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ფოტოები, ასევე იმ ადამიანების ფოტოები, ვინც ფეისბუქგვერდის გამოწვევის კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას. ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ინოვაციური AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიის მონიტორები, რომლებზეც გამოსახული იქნება მომსახურების სფეროს წარმომადგენლების პორტრეტები მოღუშული სახეებით, პორტრეტი გაიღიმებს მაშინ, როდესაც კამერის წინ მდგომი გამვლელი მას გაუღიმებს.