„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. კანონი 2022 წლის პირველ ივნისს ამოქმედდა და მისი აღსრულება 2022 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღსრულების პროცესში კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებსაც მომხმარებლის უფლებების დაცვის დროული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით დაზუსტება სჭირდებოდა.
„კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად: დისტანციურად ან სარეწს გარეთ შეძენის შემთხვევაში, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, მომხმარებელს არ ექნება უფლება დააბრუნოს სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე თავად განსაზღვრავს აღნიშნული ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას, წესსა და პირობებს;
2. 2023 წლის პირველი აგვისტოდან მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ, სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს. ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 000 ლარს;
3. განისაზღვრა: სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრისადმი დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 600 ლარი (მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-მდე მოცულობით)“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.