ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამო, ასევე, მომხმარებლთა პრეტენზიებზე დაგვიანებული რეაგირებისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა.
სებ-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევის ფაქტები, რაც ხელშეკრულებაში კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (რაც ეფექტურ 100%-ს შეადგენს) და საჯარიმო სანქციების (წლიური 150%) განსაზღვრას გულისხმობს.
ამასთან, ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დროულად არ წარმოადგინა მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ანგარიშგება.
სებ-ის ცნობით, ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა დროულად არ მოახდინა მომხმარებლის პრეტენზიაზე რეაგირება, რითაც დაარღვია “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის” მოთხოვნები.
`საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ინსპექტირებასა და მონიტორინგს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.