ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა

14:34, 29.12.2017

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამო, ასევე, მომხმარებლთა პრეტენზიებზე დაგვიანებული რეაგირებისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა.

სებ-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევის ფაქტები, რაც ხელშეკრულებაში კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (რაც ეფექტურ 100%-ს შეადგენს) და საჯარიმო სანქციების (წლიური 150%) განსაზღვრას გულისხმობს.

ამასთან, ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დროულად არ წარმოადგინა მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ანგარიშგება.

სებ-ის ცნობით,  ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა დროულად არ მოახდინა მომხმარებლის პრეტენზიაზე რეაგირება, რითაც დაარღვია “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის” მოთხოვნები.

`საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ინსპექტირებასა და მონიტორინგს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი