მომავალი წლიდან ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირების პროგრამა ამუშავდება
პირველად ამ გადაცემის ეთერით ჟღერდება ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ამუშავდება ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ექვსი თვის ვადით იმუშავებს და დამსაქმებლებს 50%-იანი თანაფარდობით გადავუხდით, რათა მათ ახალგაზრდები დაასაქმონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ბეზარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.
„ძალიან მინდა, იმედდაკარგულ ახალგაზრდებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ მისთვის ყველა კარი ჩაკეტილია, ვუთხრა, რომ ეს ასე არ არის. მათ შეუძლიათ, ჩვენთან ელექტრონულად დარეგისტრირდნენ, ხოლო თუ ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, შეუძლიათ ნებისმიერ მუნიციპალიტეტს მიაკითხონ. ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი ოფისები 69 მუნიციპალიტეტშია, იქ, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებია, ყველგან სხედან დასაქმების კომპონენტზე მომუშავე ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მოქალაქეებს შესთავაზონ ყველა ის სერვისი, რასაც სახელმწიფო ახორციელებს. დიდი იმედი გვაქვს, თებერვლიდან, როცა საპარლამენტო განხილვები დაიწყება, ეს პროგრამა აუცილებლად დამტკიცდება”, – განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ არის ეს პლატფორმა საზოგადოებაში პოპულარული, მარიამ ბაზარაშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაციის გავრცელება პრობლემურია, რომ ის ნებისმიერ რაიონში, ნებისმიერ მოქალაქემდე მივიდეს.
„სამწუხაროა, რომ ყველა იმ სერვისის შესახებ, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება, ბევრმა არ იცის. არიან მედია საშუალებები, რომლებიც გვერდით გვიდგანან და აღნიშნულ საკითხებს აშუქებენ. დარწმუნებული ვარ, თქვენს ეთერს უამრავი ადამიანი უსმენს და ხვალ მომართვიანობა უფრო გაიზრდება”, – განაცხადა ბეზარაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტს აქვს ელექტრონული სივრცე worknet.gov.ge, სადაც რეგისტრაცია როგორც მაძიებლისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის აბსოლუტურად უფასოა.
„დარეგისტრირების შემდეგ ჩვენს ბენეფიციარებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად მისდით. დღეის მდგომარეობით, უკვე 400 კომპანიაა დარეგისტრირებული. მხოლოდ 10 თვის მონაცემებით, წელს გრძელვადიანი დასაქმებით 1300 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის – 83 შშმ პირი და მათი საშუალო ხელფასი 600 ლარიდან ზემოთ გახლავთ.
ასაკი შეზღუდული არ არის. ხდება პროგრამის მორგება 16 წლიდან ზევით, ყველა ასაკის ადამიანისთვის. გვაქვს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსები და სწავლებას წელიწადში ორჯერ, განათლების სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ.
გვაქვს სტაჟირების პროგრამა ერთიდან სამ თვემდე და ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებს 150 ლარს სტიპენდიას ვუხდით. დამსაქმებელს ევალება, მინიმუმ ერთი ვაკანსია მაინც ჰქონდეს და სამუშაოზე ხუთიდან ერთი საუკეთესო სტაჟიორი მაინც დაიტოვოს. გარდა ამისა, გვაქვს სუბსიდირების უნიკალური პროგრამა, რომელიც წელს მხოლოდ შშმ პირებს ეხებოდათ. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ დამსაქმებლებს 450-ლარამდე, 50%-იანი თანაფარდობით ვუხდით, რომ მათ ასეთი ადამიანები დაასაქმონ”, – განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა.