მომავალ წელს სოფლის მეურნეობის ყველაზე დიდი გამოწვევა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა იქნება
მომავალ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობას არ ექნება აზიური ფარსოანასთან ბრძოლაზე დიდი გამოწვევა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა პროექტ „რეფორმატორის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების საჯარო შეფასების დროს განაცხადა.
როგორც ხანიშვილმა პირველ არხს განუცხადა, 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს და მისი დახვეწა მიმდინარეობს. გეგმა ფართომასშტაბიან პროგრამას მოიცავს და სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართება.
პირველ რიგში მოხდება საქართველოს მთლიანი პერიმეტრის სრული მონიტორინგი. გაცილებით ფართო ვიდრე წელს, რადგან არ არის სოფელი, სადაც ფაროსანას სიგნალი არ იყოს დაფიქსირებული.
სამოქმედო გეგმის მეორე და ყველაზე პრობლემური კომპონენტია თავად მოსახლეობის ჩართვა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით მთავრობა აპირებს დაიქირაოს კომპანია, რომელიც მოსახლეობის ჩართულობას უზრუნველყოფს. შესაბამის მომსახურებაზე ტენდერი ძალიან მალე გამოცხადდება.
პარალელურად, მთავრობა აპირებს უზრუნველყოს აღნიშნული თემის მაქსიმალური გაშუქება მედიის ყველა საშუალებით.
მესამე კომპონენტი მოიცავს სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგო პეტსიციდის, ასევე შესაწამლი აპარატურის და გადასატანი ტექნიკის შეძენას.
სულ მომავალ წელს ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამაზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება და სახელმწიფო მავნებელს ბევრად უკეთ მომზადებული და ტექნიკურად აღჭურვილი შეხვდება.
თუმცა ხანიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება მავნებელს და აუცილებელია მოსახლეობის სრული ჩართულობა.
„სახელმწიფო შეწამლავს მხოლოდ საჯარო სექტორს ანუ გზებს, გზის პირებს, ტყის პირებს არხის პირებს, დაახლეობით მილიონ ჰექტარს, მაგრამ არის თხოვნა და უპირობო მოთხოვნა საზოგადოებასთან, რომ მან თავის სექტორში უნდა იმოქმედოს თითონ, ეს უნდა იყოს ერთობლივი ღონისძიება, ჩვენ მთავრობა ცალკე ვერაფერს გავაკეთებთ,“ განაცხადა ხანიშვილმა.
როგორც ცნობილია, ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანის გამო, წელს თხილის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 80 მილიონი დოლარით შემცირდა.