მოლდოვის ვიცე-პრემიერი - ვიმედოვნებ, საქართველოში ჩემი ვიზიტი რეინტეგრაციის პროცესში ახალი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება
მოლდოვის ვიცე-პრემიერის, ოლეგ სერებრიანის განცხადებით, თეა ახვლედიანთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოში მისი სამუშაო ვიზიტი საკმაოდ დატვირთული და წარმატებული იქნება.
მოლდოვის ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ ვიზიტი საქართველოსა და მოლდოვის რეინტეგრაციის პროცესში ახალი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან, მინისტრ თეა ახვლედიანთან. რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის რანგში პირველად ვიმყოფები საქართველოში. სამწუხაროდ, ორივე ქვეყანას, მოლდოვასა და საქართველოს, აქვთ სეპარატიზმის პრობლემა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან, ხოლო მოლდოვის რესპუბლიკას დნესტრისპირეთის რეგიონთან მიმართებით. ორივე შემთხვევაში სეპარატიზმს აქვს მსგავსი წარმომავლობა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებიდან. სეპარატისტული მოძრაობები ორივე ქვეყანაში მხარდაჭერილია ერთი და იმავე ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის მიერ.
ახლა საჭიროა ჩვენი ქმედებების კოორდინაცია ჩვენი ქვეყნების რეინტეგრაციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან ტურბულენტური პერიოდია შავი ზღვის რეგიონისთვის, რაც განპირობებულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული აგრესიით უკრაინაში. გეოპოლიტიკური გარემო შავი ზღვის რეგიონის გარშემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც, თავის მხრივ, შეცვალა კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკა როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში.
დარწმუნებული ვარ, მექნება ორი საკმაოდ დატვირთული და წარმატებული სამუშაო დღე საქართველოში. დაგეგმილია ძალიან საინტერესო განხილვები საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე, მექნება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან. ეკონომიკური მიმართულება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, შეხვედრა მექნება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქვეყნის რეინტეგრაციის პროცესზე მუშაობენ. ვიმედოვნებ, ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების რეინტეგრაციის პროცესში ახალი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა მოლდოვის ვიცე-პრემიერმა.