ზურაბ აზარაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს, ოლეგ სერებრიანს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს, ოლეგ სერებრიანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ოლეგ სერებრიანს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მოლდოვასა და საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად და მათი ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მიმდინარე პროგრამები.

„ზურაბ აზარაშვილმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა გააცნო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ კი სტუმრებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, მატერიალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამები წარუდგინა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოწვევით ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის მიზანია მოლდოვასა და საქართველოში რეინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე და სხვა შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების დასახვა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.