მოლდოვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი - მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ვალდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს სიკეთის თუ გასაჭირის ჟამს, ​წარმატებებს გისურვებთ მარათონში [ვიდეო]

მოლდოვა კიშინიოვიდან ვულოცავთ ჩვენს ქართველ კოლეგებს უკრაინის მხარდასაჭერად მარათონის გამართვის ინიციატივას, – ამის შესახებ აცხადებს მოლდოვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვლად ტურკანუ.

„ამ დრამატული დღეების განმავლობაში, ჩემმა ქვეყანამ ათი ათასობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. გვინდა, რომ ომი დასრულდეს, თანაც, რაც შეიძლება მალე, რათა ყველამ შევძლოთ, ძველებურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა ვალდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, როგორც სიკეთის, ისე გასაჭირის ჟამს. ორივე მეგობარ ქვეყანას ყოველთვის შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. გაიხსენეთ ანდაზა: ძალა ერთობაშია. წარმატებებს გისურვებთ მარათონში და უკეთეს დროს შეხვედრამდე!“ – აღნიშნავს ვლად ტურკანუ საქველმოქმედო მარათონთან დაკავშირებით – „ჩვენ უკრაინისთვის“, რომელსაც საქართველოში პირველი არხი დღეს, საღამოს მართავს.

საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლების სოლიდარობის აქცია მთელ ევროპაში, მარათონმა სტარტი ვარშავაში აიღო, დღეს თბილისსა და პრაღაში, შემდეგ ტალინსა და ბუქარესტში, ასევე მთელი ევროპის ყველა დედაქალაქში საქველმოქმედო მარათონები გაიმართება, მიზანი კი ერთია – უკრაინელი ხალხის დახმარება.