მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს, რადგან ამან, შესაძლოა, მოსკოვის მხრიდან გარკვეული ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხალ პოპშოის განცხადებით, კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს, რადგან ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, მოსკოვის მხრიდან „გარკვეული ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს“.
მისი თქმით, მოლდოვის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები არსებობს.
„იმ ისტორიული ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს და იქ ჩვენი მოქალაქეების ყოფნისა და სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით, ამ პროცესში გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ“, – განაცხადა პოპშოიმ.
კითხვაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა მოლდოვას კარგი საგარეო ურთიერთობა რუსეთთან და ევროკავშირთან, პოპშოიმ თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ჰიბრიდული ფორმით მოლდოვის წინააღმდეგ აგრესია, „არ შეიძლება იგნორირებული იყოს“ და „ორ სკამზე ჯდომა, როგორც წესი, მოუხერხებელია“.
მოლდოვის მთავრობა, ზოგადად, რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ევროკავშირის ინდივიდუალურ სანქციებს შეუერთდა, მაგრამ უარს ამბობს ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორებში სანქციებზე შეერთებაზე.