მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - რუსული „გაზპრომის“ შემოთავაზება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ პასუხობს
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - რუსული „გაზპრომის“ შემოთავაზება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ პასუხობს

რუსული „გაზპრომის“ შემოთავაზება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ პასუხობს, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვა რუსულ ბუნებრივ აირში რეგიონის სხვა ქვეყნებზე მეტ ფასს ვერ გადაიხდის.

მოლდოვამ და რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ შეძლეს. გავრცელებული ცნობით, რუსული კომპანია მოლდოვაში გაზის მიწოდებას, სავარაუდოდ, პირველ ნოემბერს შეწყვეტს.

რუსული მედიის ცნობით, „გაზპრომი“ მოლდოვას „სამართლიან საბაზრო ფასს“ და დამატებით 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა. კონკრეტული თანხა არ დასახელებულა.

„ამ შეთანხმების გაფორმების ერთადერთ წინაპირობად „გაზპრომი“ მოლდოვის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაგროვებული დავალიანების გადახდას ასახელებდა. საუბარია დაახლოებით 700 მილიონ დოლარზე, თუმცა მოლდოვის მხარე ბუნებრივი აირის მიწოდებას საბაზრო ღირებულებაზე ორჯერ უფრო იაფად ითხოვდა“, – წერს რუსული მედია.

მათივე ცნობით, ამ პირობებში მოლდოვის ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და პირველ ნოემბერს სავარაუდოდ კომპანია მოლდოვაში ბუნებრივი აირის მიწოდებას სრულად შეწყვეტს.

მოლდოვის ხელისუფლებამ, შექმნილი სიტუაციის გამო, ქვეყანაში საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა, რაც მთავრობას საჭირო რაოდენობით ბუნებრივი აირის სწრაფად შესყიდვის შესაძლებლობას მიცემს. ამასთან, მოლდოვა არ აღიარებს რუსეთის მიმართ დავალიანებას.

ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ კიშინიოვმა არ უნდა გადაიხადოს მის მიერ არაკონტროლირებად დნესტრიპირეთის მოქალაქეების მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის საფასური.

მოლდოვას ბუნებრივი აირის დეფიციტის აღმოფხვრაში დახმარებას უკრაინა დაპირდა. ამ საკითხს უკრაინის მთავრობა უახლოეს ხანში განიხილავს.