მოლდოვაში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ბრიუსელი კიშინიოვისგან არ ითხოვს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუმცა ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, მოხარული იქნებოდნენ
მოლდოვაში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ბრიუსელი კიშინიოვისგან არ ითხოვს, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, მოხარული იქნებოდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, იანის მაჟეიქსმა აღნიშნულის შესახებ მოლდოვურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია არა ანტირუსულ სანქციებზე, არამედ აგრესიისა და უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ წამოუყენებია მკაფიო მოთხოვნა ამ სანქციებთან შეერთების შესახებ.
„ევროკავშირი არ მოითხოვს. ჩვენ გვესმის, რომ მოლდოვას აქვს სპეციფიკური ვითარება და ყოველთვის არ იყო შესაძლებელი ამა თუ იმ ნაბიჯებთან შეერთება“, – განაცხადა მაჟეიქსმა.
ამასთან, ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ როგორ განვითარდება მოლდოვა ამ მიმართულებითაც.
„კანდიდატი ქვეყნებისგან ელოდებიან, რომ თავიანთ საგარეო პოლიტიკას თანდათან მიუახლოებენ ევროკავშირის პოლიტიკას. მკაფიო მოთხოვნა არ არსებობს, მაგრამ მოხარული ვიქნებით, რომ მოლდოვა შეძლებს შეუერთდეს ამა თუ იმ სანქციებს“, – განაცხადა მაჟეიქსმა.