მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს
მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს

მოლდოვამ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საფრანგეთში იმყოფება.

საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოველებს აქვთ უფლება, განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და ეს მომავალი ევროკავშირშია.

„შეხვედრა მიმდინარეობს რუსეთისა და მისი მხარდამჭერების ახალი მცდელობების ფონზე, მოახდინონ დამატებითი ზეწოლა მოლდოვაზე. მადლობელი ვარ პრეზიდენტ მაკრონის მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს 2022 წლის პირველ ნახევარში და დეკემბრის სამიტზე ბრიუსელში. საფრანგეთისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ ვიცით, რომ მარტო არ ვართ. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ, რომ მოლდოვა იყოს თავისუფალი, მშვიდობიანი ქვეყანა და შეუერთდეს ევროკავშირს“, – განაცხადა მაია სანდუმ.

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ შეთანხმება აღნიშნავს საფრანგეთის გადაწყვეტილებას, დაიცვას და დაეხმაროს მოლდოვას.

„საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.