მოკლული თაკო გამრეკელაშვილის დედა - სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ასეთ განაჩენს ველოდი
სწორი გადაწყვეტილება იყო, პროცესი კანონიერად დასრულდა, – ამის შესახებ ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედამ, ნათია გაბოძემ მოსამართლის მიერ გამოცხადებული განაჩენის შეფასებისას განაცხადა.
მოკლულის მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„სწორი გადაწყვეტილება იყო, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს. სწორად წაიყვანეს ეს საქმე. კანონი არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი კანონიერად დასრულდა. ასეთ გადაწყვეტილებას ველოდი“, – განაცხადა მოკლულის დედამ.
თამარ გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.