მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციას უპირისპირდება
მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციას უპირისპირდება

ლივერპულის თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი აპირებს, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს. მოთამაშის განცხადებით, ფედერაციის ხელმძღვანელობა მის იმიჯს უკანონოდ იყენებს. მისი თქმით, ფედერაცია ყურადღებას არ აქცევს მისი ადვოკატის მოთხოვნას, წარმოადგინოს დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, ფეხბურთელის უფლებებს მომავალში აღარ დაარღვევენ. სალაჰს მაგალითად მოჰყავს ფაქტი, რომ ფედერაციამ ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თვითმფრინავზე მისი გამოსახულება მასთან შეთანხმების გარეშე დაიტანა.

„ფეხბურთის ფედერაცია უნდა ცდილობდეს, მოაგვაროს თავისი ფეხბურთელების პრობლემები, მე კი სრულიად საპირისპიროს ვხედავ. ჩემი და ჩემი ადვოკატის წერილები ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. რატომ ხდება ასე? დრო არ აქვთ რომ გვიპასუხონ?“ – დაწერა Twitter-ის საკუთარ გვერდზე სალაჰმა.

მოგვიანებით კი, Facebook Live-ის მეშვეობით საკუთარ გულშემატკივარს უფრო დაწვრილებით აუხსნა უკმაყოფილების მიზეზი, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო, როცა ფედერაციამ მისი მოთხოვნა გუნდის უსაფრთხოების საკითხზე არ დააკმაყოფილა.

ამ დაპირისპირების გამო, ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ, რომ შესაძლოა სალაჰმა, ეგვიპტის ნაკრები დატოვოს. ფეხბურთელი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.