ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს შორის ჯუდ ბელინგემი არ დაასახელა #1TVSPORT
ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს შორის ჯუდ ბელინგემი არ დაასახელა #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ დაასახელა 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტები. მისი აზრით, ესენი არიან: ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“), კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი“) და ვინისიუსი („რეალი“). ასევე მან ცალკე გამოყო „ბარსელონას“ ვუნდერკინდი ლამინ იამალი.

„მოთამაშეები, რომლებიც იბრძოლებენ ოქროს ბურთისთვის? უახლოეს წლებში შეიძლება წარმოიშვას მეტოქეობა ისეთ ფეხბურთელებს შორის, როგორებიც არიან ჰალანდი, მბაპე და ვინისიუსი. გარდა ამისა, უნდა ვახსენო რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც ასევე იბრძოლებენ ამ პრიზისთვის.

ასევე ვფიქრობ, რომ ლამინ იამალი, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და დღეს „ბარსელონაში“ თამაშობს, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და მომავალში ოქროს ბურთისთვის იბრძოლებს.

რა თქმა უნდა, ოქროს ბურთზე პრეტენზია ექნებათ სხვებსაც, გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რომლებსაც ჯერ არ ვიცნობთ და, ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი ეპოქა, რომელიც ბევრ სიამოვნებას მოგვიტანს“, – განაცხადა არგენტინელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ მესიმ არ დაასახელა „რეალის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი. არადა, რამდენიმე ვერსიით, ინგლისელი ამ მომენტისთვის სათავეში უდგას 2024 წლის ოქროს ბურთის რეიტინგს:

  1. ჯუდ ბელინგემი (რეალი)
  2. კილიან მბაპე (პსჟ)
  3. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)
  4. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
  5. როდრი (მანჩესტერ სიტი)
  6. ჰარი კეინი (ბაიერნი)
  7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  8. ვინისიუსი (რეალი)
  9. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
  10. ბუკაიო საკა (არსენალი)