მოგერინი - სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად მეტი ფინანსური დახმარება უნდა გამოვყოთ
ევროკავშირმა და გაერომ სირიის ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად და ქვეყნის რეაბილიტაციისთვის მეტი ფინანსური დახმარება უნდა გამოყონ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ და დიდი სურვილი გვაქვს, რომ სირიელ ხალხს დავეხმაროთ. მძვინვარე ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს. თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, აუცილებელია იმ რეგიონებსა და ქალაქებს, რომელთაც დაეში აკონტროლებდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. თუმცა სამწუხარო ის არის, რომ სირიის მთავრობის მონდომებას ქვეყნის რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მოგერინიმ.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ოფიციალური ვიზიტის დროს ევროკომისარმა ყურადღება ჟენევის მოლაპარაკებებზეც გაამახვილა. მისი თქმით, სირიის, როგორც სახელმწიფოს მომავლისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოპოზიციასა და მთავრობას შორის ჟენევაში მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
მოგერინიმ სირიის კონფლიქტის შესახებ ჩანიშნული კონფერენციის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. კონფერენცია ბრიუსელში 24-25 აპრილს გაიმართება.