მოძრაობის თეატრში ბროდვეის მიუზიკლის სტილში დადგმული ქართულ-ამერიკული მიუზიკლის პრემიერა გაიმართება
მოძრაობის თეატრში ბროდვეის მიუზიკლის სტილში დადგმული ქართულ-ამერიკული მიუზიკლის პრემიერა გაიმართება

12-13 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა, „თამადა მანჰეტენზე“ გაიმართება.

ღონისძიებას გახსნის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი.

ბროდვეის მიუზიკლის ფორმატში დადგმული სპექტაკლი მოძრაობის თეატრის და ვაშინგტონის თეატრის Company E-ს ერთობლივი ნამუშევარია, სპექტაკლს ცოცხალი მუსიკით გააფორმებს სანდრო ნიკოლაძის ბენდი, ამერიკიდან მოწვეულ ვოკალისტებთან ერთად.

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ვაშინგტონიდან საქართველოში მოწვეული არიან რეჟისორი, სცენოგრაფი, ქორეოგრაფი, მუსიკოსები, ვოკალისტები, რომლებმაც მოძრაობის თეატრის დასსა და ბენდს ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს.

როგორც მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე აღნიშნავს, ამერიკულ დასთან მუშაობა მოძრაობის თეატრისთვის განსხვავებული სასცენო ოსტატობის გამოცდილების გაცნობის კარგი შესაძლებობა აღმოჩნდა და წარმატებული კოლაბორაცია შედგა.

„მოძრაობის თეატრის და Compani E-ს ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლი აგებულია ამბავზე, სადაც ტრადიციების მატარებელი თამადა 60-იანი წლების ნიუ იორკში ხვდება. სევდიანი ამბავი, თუ როგორ ცდილობს თამადა ტრადიციების შენარჩუნებას მანჰეტენის ქაოტურ ყოფაში“, – აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე.