მოძრაობა „ლელო“ - სასწრაფოდ მოვითხოვთ „პროგრესბანკის“ საქმის გამოძიებას
სასწრაფოდ მოვითხოვთ „პროგრესბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან სამი წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას, – ამის შესახებ აღნიშნულია მოძრაობა „ლელოს“ განცხადებაში.
„ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ „პროგრესბანკი“ არის გაუქმებული და მისი დოკუმენტების შემოწმება შეუძლებელია, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და პროკურატურასთან ერთად „თიბისი ბანკის“ არათუ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის, არამედ მთელი 12 წლის საქმიანობის დეტალურ შემოწმებას ატარებს.
ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და მისი განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ საბანკო სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს საქმიან სივრცეში. ეს განცხადებები აშკარად ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. სასწრაფოდ მოვითხოვთ „პროგრესბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან სამი წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.