საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ დღეს 55 წლის გახდა. საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური ამ სახელწოდებით 1968 წლის 4 იანვარს ჩამოყალიბდა. სახელის იდეა თამაზ ხომერიკს ეკუთვნის, რომელიც ინფორმაციის მთავარ რედაქციას ხელმძღვანელობდა. მანამდე პირველ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც ეთერში 1958 წელს გავიდა, „უკანასკნელი ცნობები“ ერქვა.
„მოამბემ“ ყოველდღიური მაუწყებლობა ტელევიზიის შექმნიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო. წლებთან ერთად, იცვლებოდნენ დიქტორები და წამყვანები. „მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული ეროვნული მოძრაობის, დამოუკიდებლობის პირველი წლების, აფხაზეთის ომისა და უახლესი ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები.
დღეს საინფორმაციო გადაცემა პირდაპირ ეთერში თანამედროვე სტუდიიდან გადის. საინფორმაციო სამსახური ინფორმაციის გადაცემას რამდენიმე პლატფორმაზე ახორციელებს – ტელევიზიით, რადიოთი და ვებგვერდზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპროდუქცია ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, „მოამბემ“ შეინარჩუნა და კიდევ უფრო გაზარდა მაყურებლის მხრიდან ნდობა.
„50-ზე მეტი წელია, რაც „მოამბე“ ეთერშია. ნახევარი საუკუნე არის ძალიან სერიოზული თარიღი. მართალია, სახელმწიფო ტელევიზია და საზოგადოებრივი მაუწყებელი განსხვავდება ერთმანეთისგან. მინდა, ვთქვა, რომ სტაბილურობა, მაყურებლის სიყვარული, ვფიქრობ, „მოამბემ“ შეინარჩუნა, კიდევ უფრო გაზარდა ნდობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, საბოლოო ჯამში, მაყურებლისთვის ერთადერთი თუ არა, ყველაზე სანდო იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და, რა თქმა უნდა, „მოამბე“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობს ერთ-ერთი უძველესი საინფორმაციო გამოშვება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობს ერთ-ერთი უძველესი საინფორმაციო გამოშვება, რადგან მისი ასაკის ჩვენთან ზოგადად გადაცემებიც კი არ არის, რომლებიც დღემდე არსებობს. ვისურვებდი, რომ ის კიდევ დიდხანს დარჩენილიყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ, ყოველთვის მიმართონ „მოამბეს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს გადასამოწმებლად, თუ რა ხდება მათ გარშემო, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამბები არსებობს, რაც მათ უნდა უცოდნენ“, – აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ.