კვლევის მიხედვით, მმართველი კოალიციით გერმანელი ამომრჩევლების უკმაყოფილება რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა
კვლევის მიხედვით, მმართველი კოალიციით გერმანელი ამომრჩევლების უკმაყოფილება რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

მმართველი კოალიციით გერმანელი ამომრჩევლების უკმაყოფილება რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა. ამას აჩვენებს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ZDF-ის მიერ ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა.

10-12 ივნისს ჩატარებული კვლევისას 1334 ადამიანი გამოიკითხა, რომელთაგან 71%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოები არიან მთავრობის მუშაობით. მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღნიშნული მაჩვენებელი 66%-ს შეადგენდა. ამასთან, გამოკითხულთა 51%-მა ვადამდელ არჩევნებს დაუჭირა მხარი.

მმართველი კოალიციის სამივე პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებზე წარუმატებელი შედეგი აჩვენა, მაშინ როდესაც ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მეორე ადგილზე გავიდა, დაახლოებით ხმათა 16 პროცენტით.
ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე გერმანიაში „ქრისტიან დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირი გავიდა ხმების 30%-ით.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ევროპარლამენტის არჩევნებში შოლცის პარტიის შედეგი გამოხატავს გერმანელების უკმაყოფილებას ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუარესებით, მაშინ როდესაც მთავრობა რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისთან და პანდემიის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს.